გარეჯის მონასტერი

გარეჯის მონასტერი

Tuesday, September 15, 2015


იოთამ ზედგინიძე

ძველ დროში, როდესაც ქართლ-კახეთის მეფე გიორგი მერვე იყო, საქართველოში ერთი სამშობლოზე ძლიერ შეყვარებული მამულიშვილი იოთამ ზედგინიძე ცხოვრობდა. მეფეს სურდა საქართველო გააერთიანებინა და გაეძლიერებინა. იოთამი კი მეფის უერთგულესი ქვეშევრდომი იყო.
ერთხელ მეფე ჯავახეთში იმყოფებოდა. მის მტრებს დამარცხების ეშინოდათ და ბრძოლის თავიდან ასაცილებლად მისი ღამით ჩუმად მოკვლა გადაწვიტეს. ამ შეთქმულების შესახებ იოთამმა გაიგო და მეფეს ყველაფერი მოახსენა.
მეფე გიორგის ყველა თავისნაირი სულგრძელი ეგონა და ღალატი არ დაიჯერა. იოთამი მიხვდა, რომ მტრები ჩანაფიქრის შესრულებას შეძლებდნენ და მეფეს შეწუხებულმა სთხოვა, ნება მიეცა, იმ ღამით მის სარეცელში თვითონ დაწოლილიყო.
მეფე დათანხმდა, რადგან დარწმუნებული იყო შეთქმულება არ მოხდებოდა. ღამით იოთამი მეფის სარეცელში ჩაწვა.
გამთენიისას მცველებს ძილი მოერიათ. იოთამსაც წასთვლიმა. ამ დროს ბინდში შეთქმულები გამოჩნდნენ, ჩუმად შეიპარნენ მეფის საძინებელში. იოთამმაც ვერაფერი გაიგო. მოღალატეებმა ხანჯლები დაუშინეს ლოგინში მწოლიარეს, რომელიც მეფე გიორგი ეგონათ. მაგრამ ხმაზე იცნეს იოთამი და სწრაფად გაუჩინარდნენ სიბნელეში.
მეორე დილით ადრიანად გაეშურა მეფე იოთამისკენ და ეგონა, რომ მას ტკბილად მძინარეს იხილავდა. თუმცა მეფეს საზარელი სურათი დახვდა: ხანჯლით მოკლული იოთამი სისხლში ცურავდა. თავზარდაცემული მეფე საშინელ სინანულში ჩავარდა. იოთამმა საყვარელი მეფის ხელში დალია სული.
მეფე გიორგიმ მოღალატეები სიკვდილით დასაჯა. მან იოთამის უფროს შვილს თავადობა უბოძა, დიდი თანამდებობა და მამულები აჩუქა.
გვარად ამილახვრები სწორედ ამ იოთამ ზედგინიძის შთამომავლები არიან.  



პატარა მედროშე

წმიდა დიდმოწამე გიორგი
თათრის ჯარმა ციხის აღება ვერ შეძლო და ალყაში მოაქცია, მეციხოვნეებს საჭმელ-სასწმელი შემოაკლდებათ და დაგვნებდებიანო. მეციხოვნეებს მართლაც შემოაკლდათ სურსათ-სანოვაგე და გადაწყვიტეს ბრძოლით გაერღვიათ ალყა. თუ სიკვდილი გვიწერია, ვაჟკაცურად მაინც დავიხოცებითო.
მეციხოვნეები გამოიშალნენ. წინ ციხისთავი და მედროშე მიუძღოდათ. მედროშეს გვერდით შავ ცხენზე ამხედრებული მისი ვაჟი, ათი წლის გიორგი მიჰყვებოდა. გიორგი მამას ციხეში თათრების ჯარის შემოსევამდე გამოჰყვა და ახლა უნებურად ბრძოლის ველზე აღმოჩნდა. მეციხოვნეები სთხოვდნენ პატარა გიორგის მათ შუაში ევლო, რადგან ასე უფრო დაცული იქნებოდა, მაგრამ გიორგი მამას გვერდიდან არ სცილდებოდა.
მეციხოვნეთა გამოჩენამ მტერი გააოგნა, შემდეგ კი გონს მოსულნი უეცრად იერიშზე გადავიდნენ და მედროშეს გზა გადაუჭრეს. მედროშემ ბევრი დაამარცხა მტრის ჯარში. ბოლოს კი ერთმა თათარმა ხმლით მოკლა და ცხენიდან გადმოაგდო. ამის შემხედვარე გიორგიმ მწარედ ამოიკვნესა და სწრაფად დაიხარა ცხენიდან, რომ დროშა აეღო. ამ დროს მტერმა მის ცხენსაც მოარტყა ხმალი. გიორგი დროშასთან ერთად ძირს დაეცა და გონება დაკარგა.
გონზე მოსულ გიორგის მთელი სხეული ტკიოდა. მან ირგვლივ მიმოიხედა და მიხვდა ბრძოლა დამთავრებულიყო. ირგვლივ მხოლოდ გვამები ეყარა, რომლებსაც მტრის ჯარისკაცები ძარცვავდნენ. ბიჭუნამ თავი მოიმკვდარუნა, ეგებ მძარცველებმა გვერდი ამიარონო. ბოლოს მასაც მიადგნენ. ერთ-ერთმა მძარცველმა ღონივრად ჰკრა ფეხი პატარას. გიორგი ტკივილმა შეაწუხა და ღრმად ამოიკვნესა.
-ცოცხალი ყოფილა ეს გველის წიწილა, - წამოიძახა მეორე მძარცველმა.
თათრებმა გიორგი თავის სარდალს მიჰგვარეს, რომელიც უკვე ქართველთაგან დაცარიელებულ ციხეში იმყოფებოდა და მოახსენეს, ამას გიაურების დროშა მოჰქონდაო.
სარდალმა ბრძანა, მოსახლეობა ციხეში შეეკრიბათ, ხოლო გიორგის ხალხის წინაშე დროშისთვის დაეფურთხებინა, გაეთელა და სიცოცხლის შენარჩუნება ეთხოვა. სარდალს უნდოდა ქართველთა ზნეობა შეებილწა და ეთქვა, აი, ქართველი სიცოცხლის გადასარჩენად როგორ სულმდაბლობას იჩენსო.
მოსახლეობა შეკრიბეს ციხეში, გამოვიდა სარდალი, გამოიყვანეს პატარა გიორგიც. სარდლის სურვილი ხმამაღლა გამოაცხადეს და გიორგის დროშა მისცეს. ხალხი მოლოდინით მისჩერებოდა ყმაწვილს.
პატარა მედროშემ დროშა გულში ჩაიკრა, დაიჩოქა და ეამბორა. შემდეგ წამოდგა და დიდი ვაჟკაცივით ხალხს მიმართა: გფარავდეთ ქრისტე ღმერთი და წმიდა გიორგი! არ გატყდეთ ქართველებო! ფურთხის ღირსი ჩვენი დროშა კი არა, ეს საზიზღრები არიან!
ეს თქვა თუ არა, გიორგი თათრის სარდლისკენ შებრუნდა და მიაფურთხა.
წამში პატარა მედროშის თავი ძირს მოკვეთილი ეგდო. ხალხმა ერთხმად ისე ამოიგმინა, თათრის სარდალს შეეშინდა, მიხვდა, რომ მათ დამორჩილებას ასე ვერ შეძლებდა. 





გლეხი ბოსტაშვილი

მეფე ერეკლე
მეფე ერეკლეს დიდხანს ჰქონდა ომი ოსმალებთან და სპარსელებთან. ამით ისარგებლეს ჭანელმა ლეკებმა, რომლებიც საინგილოსთან ახლოს ცხოვრობდნენ და ინგილოებს რბევა დაუწყეს.
ძალიან მალე ერეკლე მეფემ ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა სპარსელებსა და ოსმალებზე. შემდეგ კი ჭარელების გონზე მოყვანა გადაწყვიტა, შეკრიბა ჯარი, ჭარს მიადგა და ბრძოლა დაიწყო. ერეკლე მეფეს ზურგის ჯარად ჩვენებური თათრები ჰყავდა, რომლებიც ყოველთვის დიდ ერთგულებას უწევდნენ ქართველებს. თუმცა ამჯერად უღალატეს და ზურგის მხრიდან აუტეხეს სროლა. ქართველთა ლაშქარი იძულებული გახდა უკან დაეხია.
ამ დროს ერეკლე მეფეს მტრის ტყვიამ ცხენი მოუკლა. იქვე ახლოს თავადი ანდრონიკაშვილი ჩინებულ ცხენზე იჯდა. აქეთ-იქიდან მიაძახეს, ცხენი მეფეს დაუთმეო.
თავადმა ანდრონიკაშვილმა კი მეფეს შესთავაზა მის ცხენზე უკან შემომჯდარიყო, ცხენი ორივეს კარგად გვატარებსო.
-შენც შეგარცხვინა ღმერთმა და შენი ცხენიცაო! - მრისხანედ მიაძახა ერეკლე მეფემ თავადს.
ამ ამბავს იქვე შორი-ახლოს შეესწრო ერთი ქიზიყელი გლეხი ბოსტაშვილი, რომელიც ბედაურ ცხენზე იჯდა; მაშინვე ჩამოხტა ცხენიდან, მეფეს მიართვა ბედაური და უთხრა:
-ჩემი სიკვდილი არაფერია, შენი დაღუპვა კი ქვეყანას უბედურებას მოუტანსო.
ყველა იქ მყოფი აღტაცებაში მოიყვანა ქიზიყელი გლეხის თავგანწირვამ და დიდი ქება მიუძღვნეს.
სწორედ ამ გლეხის შთამომავლები არიან ახლანდელი აზნაური ბოსტაშვილები, რომელთაც მადლიერმა მეფე ერეკლემ აზნაურობა უბოძა.




სამასი თავდადებული არაგველი

სამასი თავდადებული არაგველი
ორასი წლის წინ ქართლ-კახეთში მეფე ერეკლე მეფობდა. სპარსეთის ხელმწიფემ მოსთხოვა მეფეთა-მეფედ ეღიარებინა იგი და ხარკიც გადაეხადა. მეფე ერეკლემ სასტიკი უარი შეუთვალა ხელმწიფეს.
სპარსეთის ხელმწიფე განსრიხდა, შეკრიბა დიდი ჯარი და მოადგა თბილისს. მეფე ერეკლემ მცირეოდენი ლაშქრის მოგროვება შეძლო, სპარსელნი კი თითქმის ოცჯერ მეტნი იყვნენ ქართველებზე.
ქართველთა ლაშქარში იყო ერთი რაზმი, რომელიც სამასი ფშავ-ხევსურისა და არაგვისპირელი გლეხისგან შედგებოდა. მათ ბრძოლის ველზე გასვლის წინ ერთმანეთს შეჰფიცეს, რომ ან მტერზე გაიმარჯვებდნენ, ან ბრძოლის ველზე მოკვდებოდნენ. მათ ეს ვაჟკაცური ფიცი ვაჟკაცურადვე შეასრულეს. როდესაც სპარსეთის მრავალრიცხოვანმა ჯარმა ქართველებს სძლია, არც ერთმა ამ რაზმელმა მტერს ზურგი არ აჩვენა, ყველანი სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოდნენ და გმირულად დალიეს სული ბრძოლის ველზე.
ეს დიდი ბრძოლა კრწანისის ველზე მოხდა.




ცხრა ძმა ხერხეულიძე

ცხრა ძმა ხერხეულიძე დედასთან და დასთან ერთად
თბილისთან ახლოს, სამხრეთით არის ერთი სოფელი - მარაბდა. სამასი წლის წინ ამ სოფელში მოხუცი აზნაური ხერხეულიძე ცხოვრობდა, რომელსაც ცხრა ვაჟი ჰყავდა. იგი ზემო ქართლიდან იყო გადმოსახლებული. მოხუცი აზნაური ქვეყნის ერთგული მოყვარე და მხურვალე მამულიშვილი იყო, ცოლადაც ღირსეული მანდილოსანი ჰყავდა. ამის გამო ცხრა ძმა ხერხეულიძე ერთმანეთზე უკეთესი ვაჟკაცი მამულიშვილები გაიზარდნენ.
იმ პერიოდში სპარსეთში მეფობდა შაჰ-აბაზი, რომელსაც ლაშქრობაში კარგად გაწვრთნილი მრავალრიცხოვანი ჯარი ჰყავდა. შაჰ-აბაზმა ბევრი ქვეყანა დაიპყრო, ბოლოს კი საქართველოსაც მოადგა.
საქართველოში შემოჭრილ შაჰ-აბაზის ლაშქარს ქართველთა ჯარი თბილისის ქვემოთ, მარაბდის სამხრეთით გადაეღობა გზაზე. საშინელი ბრძოლა გაჩაღდა. სამი დღის მანძილზე ქართველ ჯარს ფეხი ვერ მოაცვლევინეს, რადგან ქართველი მეომრები თავგანწირულად იბრძოდნენ სამშობლოს დასაცავად. განსაკუთრებით საოცარ, სამაგალითო ვაჟკაცობასა და თავდადებულობას ცხრა ძმა ხერხეულიძე იჩენდა. მათ სპარსელთა არაერთი ლაშქარი მოიგერიეს და უკან გააბრუნეს. მეოთხე დღეს კი სპარსელებს ახალი ჯარი შემოეშველა. დაღლილ-დაქანცულმა ქართველმა ლაშქარმა მტერი ვეღარ შეაკავა. ლომებივით, მომეტებული თავგანწირვით იბრძოდნენ ძმები ხერხეულიძეები. მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ ან გაემარჯვათ, ან ყველანი ბრძოლის ველზე დახოცილიყვნენ. რადგან ქართველთა ჯარმა ვერ გაიმარჯვა, თავდადებული ცხრა ძმაც მტერს შეაკვდა. ისინი გმირულად დაიღუპნენ ბრძოლის ველზე.
ხალხის თქმულებით, მათი დედაც ბრძოლის ველზე იყო და ამხნევებდა მათ. როდესაც მისი ერთი ვაჟი სასიკვდილოდ დაჭრეს და ქართული დროშა ხელიდან გაუვარდა მას, დედამ აიღო დროშა და მეორე ვაჟს მისცა ხელში.
მადლიერმა ქართველმა ერმა ცხრა ძმა ხერხეულიძის ცხედრები ბრძოლის ველზე იპოვა და მოწიწებითა და პატივით მიაბარა ქართულ მიწას. 






ასპინძის ბრძოლა

1770 წელს საქართველოში რუსეთის მცირერიცხოვანი ჯარი ჩამოვიდა ტოტლებენის მეთაურობით. ქართველებსა და რუსებს ერთად უნდა ებრძოლათ ოსმალების წინააღმდეგ.

ერეკლე მეფემ და ტოტლებენმა ახალციხისკენ გაილაშქრეს და აწყურის ციხეს ალყა შემოარტყეს. აწყურის ციხეში ოსმალთა მეციხოვნეები იდგნენ. გენერალმა ტოტლებენმა ორდღიანი ალყის შემდეგ მოულოდნელად აყარა რუსის ჯარი, უკან დაიხია და ქართველები მარტო დატოვა. 
ერეკლე მეფე
ბრძოლიდან გაქცეულ გენერალს წამოეწია ერეკლე მეფე და შეახსენა, რომ ასეთ დროს ღალატი დიდი სირცხვილი იყო.
ტოტლებენმა კი უპასუხა, უსარგებლოა მცირე ჯარით მტერს შევებაო და გზა განაგრძო.
რუსეთის ჯარის წასვლით აფორიაქებული ქართველები ერეკლე მეფემ გაამხნევა. მან ქართველთა ლაშქარი ჯავახეთისკენ დაძრა. მათ ასპინძასთან ოსმალებმა გზა მოუჭრეს. ქართველთა მეფემ მტერს მტკვარზე ხიდით გადმოსვლა აცადა, ღამით კი ჩუმად ხიდის ბურჯები გადაახერხვინა.
მეფემ სიტყვით მიმართა ქართველთა ლაშქარს: „გულოვანო ქართველებო! ასეთი მძიმე ომი პირველი არ არის ჩვენთვის. ვიომოთ ისე, რომ ჩვენი ზურგი მტერმა ვერ იხილოს! დღეს ან უნდა გავიმარჯვოთ, ან უნდა მოვკვდეთ!
გამხნევებული ქართველობა ოსმალთა ლაშქარს შეება. მტერი შეშინდა და ხიდისკენ დაიხია. ხიდი ჩაინგრა და მტერი თან ჩაიტანა. ისინი ვინც მდინარეს გადაურჩნენ, ქართველებმა მუსრი გაავლეს.
მტრის მხარეს ლეკებიც იბრძოდნენ კოხტა-ბელადის სარდლობით. გაგულისებულმა კოხტამ ერეკლე ხმალში გამოიწვია. ლეკების ბელადს ერეკლე მეფემ ხმლით თავი წააცალა. ამის მხილველი ლეკები ბრძოლის ველიდან გაიქცნენ. ქართველთა ზარალი მცირე იყო. ქართველთა მცირერიცხოვანმა ლაშქარმა, ღვთის შეწევნით, მტერზე დიდი გამარჯვება მოიპოვა. 





პომპეუსის ხიდი

რომაელთა ჯარი შებინდებისას მიადგა მცხეთას. პომპეუსის ლაშქარმა მთელი დღე უომრად იარა, რადგან მზვერავებს მცხეთის მოსახლეობისთვის ამბავი ჰქონდათ მიტანილი, მტერი ურიცხვი ჯარით მოგვადგაო და ისინიც მთაში გახიზნულიყვნენ. რომაელთა ლაშქარი ბაგინეთის მთის ძირში დაბანაკდა და ღამის სადარაჯო კოცონი დაანთო.
მხედართმთავარი საგონებელში იყო ჩავარდნილი, სად შეიძლება წასულიყო მცხეთის მოსახლეობა? გზად რატომ არავინ შემოხვდა ან საბრძოლველად ან მორჩილების აღსანიშნავად? მას ეშინოდა ღამით თავს არ დასხმოდა ტყეებში მიმალული მოსახლეობა. მხედართმთავარმა ქალაქის მხრიდან ბანაკის ყოველ კუთხეში დააყენა ჯარისკაცები დარაჯებად. ტყის პირას კი საბრძოლო მწყობრში ბრძოლაში კარგად გამოწვრთნილი მეომრები ჩამოამწკრივა. იგი ქართლის შემდეგ კოლხეთის დალაშქვრას აპირებდა, ამიტომ მისთვის თითოეული ჯარისკაცის სიცოცხლეს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა და უფრთხილდებოდა მათ. მხედართმთავარი შიგადშიგ მეომრებთან მიდიოდა, ამხნევებდა და საომრად განაწყობდა მათ. ისინიც უსიტყვოდ ემორჩილებოდნენ მხედართმთავარ პომპეუსს.  

პომპეუსის ხიდი
პომპეუსი ცოტა ხნით ქვის ლოდზე ჩამოჯდა და ფიქრებს მიეცა: „თუ ასე უომრად დამნებდა ეს ქვეყანა, მაშინ თითქმის უდანაკარგოდ დავიპყრობ და კოლხეთამდეც მალე მივაღწევ“.
ასეთ გეგმებს აწყობდა მხედართმთავარი და თან უხაროდა, რომ იმპერატორსაც აამებდა კავკასიის ქვეყნის თავისი დროშისქვეშ დამორჩილებით. ამავდროულად ახარებდა ისიც, რომ მისი ჯარების სიმრავლე, სიძლიერე და საომარი გამოცდილება ამ ქვეყანაშიც იცოდნენ და უომრად ნებდებოდნენ. ამ დროში ღამის სიბნელე ნელ-ნელა გაიფანტა და მზეც ამოიწვერა. ლოდინით დაღლილი რომაელთა ჯარი მძიმედ წამოიმართა და საომრად მოემზადა.   
პომპეუსი მარდად მოახტა ზურგზე თავის მერანს, გაღმა ფერდობზე შეფენილ ქალაქს გადახედა და ჯარს ნიშანი მისცა, ნელი სვლით დაძრულიყო. მზვერავებმაც ამბავი მოუტანეს მხედართმთავარს მტკვარი სად უფრო ვიწროვდებოდა, სად უფრო ადვილად შეიძლებოდა მისი გადალახვა. რომაელთა ლაშქარი იმ ადგილს მიადგა, სადაც ისეთი ვიწრო ხიდი იყო გადებული, ჯარი მხოლოდ თითო-თითოდ ჩალაგებული თუ შეძლებდა მის გადალახვას. პომპეუსის გაგზავნილი მზვერავები მალე უკან დაბრუნდნენ და მხედართმთავარს მოახსენეს: ხიდის მეორე ბოლოს ქვებითა და ლოდებით აგებული საგუშაგოა, ზედ კი კბილებამდე შეიარაღებული ყმაწვილი ბიჭი დგას. ახლოსაც ვერ მივეკარეთ, ქვები დაგვიგორა და კინაღამ ხიდიდან გადაგვყარაო. პომპეუსი გააოგნა პატარა ყმაწვილის ასეთმა სიმამაცემ. სწრაფად შეარჩია რამდენიმე რჩეული მებრძოლი და სწრაფად გაეშურა საგუშაგოსკენ. რომაელთა ლაშქარმა ალყა შემოარტყა უცხო მებრძოლს. მხედართმთავარმა იბერთა ენაზე მოსაუბრეს უბრძანა, შეჰკითხოდა პატარა ახირებულ ბიჭს, ვინ იყო და როგორ ბედავდა დიდი პომპეუსის წინაშე, რომლის შიშითაც მთელი ევროპა და აზია თრთოდა, ამოდენა სითავხედეს.
მებრძოლმა ბიჭუნამ კი პასუხად გადმოსძახა: მე აქ ჩემმა ერისმთავარმა და ხალხმა დამტოვა, როგორც კი თქვენი ჯარი გამოჩნდებოდა მაღლობზე მაშინვე კოცონი უნდა დამენთო და მათთვის შემეტყობინებინა. ეს ყოველივე უკვე შევასრულე და ახლა უომრად თქვენს აქ შემოშვებას არ ვაპირებ.
პომპეუსი პატარა ბიჭუნას სითამამემ გააოცა. ცოტა ხანს ჩაფიქრდა და შემდეგ ლაშქარს ალყის მოხსნა და უკან გაბრუნება უბრძანა. ლაშქარმა სწრაფად შეასრულა მეფის ბრძანება და როდესაც უკან, ბანაკში დაბრუნდნენ, მხედართმთავარმა მეომრებს უთხრა: მე დიდ პატივს მივაგებ ასეთ გულად და ერთგულ მებრძოლებს. ის ნამდვილი გმირია. ბედნიერია ის ერი და ერისმთავარი, ვისაც ასეთი გულადი ვაჟკაცები ჰყავს. მე პატივს ვცემ ამ პატარა მეომრის ვაჟკაცობას. ამიტომ ვბრძანებ, მტკვარზე გასასვლელად სხვა ადგილზე აშენდეს ხიდი. ხიდი აშენდეს ისეთ ადგილზე, სადაც მდინარე ყველაზე განიერია, რათა სწრაფად გადავიდეს მთელი ჯარი, რადგან ხალხი, რომელსაც ასეთი მამაცი შვილები ჰყავს, უომრად არავის დანებდება. ამიტომ სჯობს  მალევე დავესხათ თავს, სანამ კიდევ უფრო განიმტკიცებენ პოზიციებს.
ორი დღე და ღამე, ათასობით მებრძოლი მაშხალების შუქზე აშენებდა კლდის ქვებისგან განიერ ხიდს, რომელსაც შემდეგ პომპეუსის ხიდი ეწოდა. პომპეუსის ნათქვამი გამართლდა, ქართველებმა დიდი ბრძოლა გამოუცხადეს რომაელებს. ოცი ათასი მცხეთელი შეეწირა რომაელთა სისხლისმღვრელ ლაშქრობას. პომპეუსს ქალაქის მოსახლეობა არ დანებდა. ისინი ბოლომდე გმირულად იბრძოდნენ და თავისუფლებაც შეინარჩუნეს. პომპეუსმა ქართლში ფეხი ვერ მოიკიდა და თავისი ლაშქრით კოლხეთისკენ გაემართა. პომპეუსმაც კი დააფასა ქართველი მეომრის გმირობა და პატივი სცა ქართველი ერის სიმამაცეს. ამის ნიშნად პომპეუსმა მტკვარზე გადებული, კლდის ქვებით ნაშენები ანტიკური ხიდი დაგვიტოვა. 

2 comments:

  1. 1xBet korean (1xbet korean) | legalbet.co.kr
    1xBet is an illegal 1xbet 프로모션 코드 online gambling site operating under the laws of the UK Gambling Commission (UKGC). The organization has been licensed and

    ReplyDelete
  2. Casinos In Michigan 2021 | Slot Machines - jtmhub.com
    Best Slots Machines in 구미 출장샵 Michigan 2021: Free 하남 출장샵 Slots Machines in 세종특별자치 출장마사지 MI 2021 · Slots Machines · Casino Machines · Online Slots Machines 전라남도 출장샵 in Pennsylvania · Online 오산 출장마사지 Slots Machines

    ReplyDelete